„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა სამსახურის საქმიანობაზე ცალკეული მიმართულებებისა და დარგების მიხედვით ისაუბრა. მან ყურადღება იმ აქტივობებზე გაამახვილა, რომლებიც უწყებამ საანგარიშო პერიოდში განახორციელა. მისი თქმით, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში 213 თანამშრომელი საქმიანობს. შარშან, მოსახლეობის აღწერის მიზნით, საქსტატმა 12 300 შტატგარეშე თანამშრომელი დაიქირავა, რომელთა სახელფასო ანაზღაურებისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯა.
გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ინოვაციური მიდგომების დასანერგად, საქსტატში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.
„საანგარიშო პერიოდში მონაცემთა შეგროვების პირობები გაუმჯობესდა და სრულად ელექტრონულ მოდელზე გადავედით. საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, სამსახურმა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოამზადა, სადაც დეტალურად გაიწერა ყველა ის აქტივობა, რომლებზეც მუშაობა მომავალ წლებშიც გაგრძელდება. 2024 წელს, მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, საქსტატმა აქტიური საინფორმაციო და სარეკლამო კამპანია აწარმოა. ამ კუთხით, 60-მდე აქტივობა განვახორციელეთ. ასევე აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სამსახურში სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტი და ახალი სერვისები დაინერგა, რაც მოსახლეობას სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომას კიდევ უფრო გაუმარტივებს“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ. მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ 200-ზე მეტი საინფორმაციო პრესრელიზი გავრცელდა და 16 სხვადასხვა სტატისტიკური მოხსენება მომზადდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას ყურადღება მოსახლეობაში სამსახურის მიმართ ნდობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა. სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გოგიტა თოდრაძემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
„კომიტეტი დადებითად აფასებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს და მიზანშეწონილად მიაჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულ სასესხო შეთანხმებაზე ისაუბრა. მომხსენებლის განცხადებით, რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ შეთანხმებას ხელი 2025 წლის 6 ოქტომბერს მოეწერა, რომლის თანახმადაც, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საქართველოს სესხის სახით 306.5 მილიონი ევრო გამოეყოფა. მისივე თქმით, გამოყოფილი თანხა ბათუმის შემოვლითი გზის ბოლო მონაკვეთის მშენებლობას მოხმარდება. რაც შეეხება სესხის პირობებს - თანხის ათვისების ბოლო ვადად 2031 წელი განისაზღვრა, სესხის ხანგრძლივობა კი 25 წელია, საიდანაც 6 წელი საშეღავათო პერიოდია. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.