ეკა სეფაშვილი: საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული, გლობალური აქტორების უპირველესი მიზანია ხელისუფლების შეცვლა საქართველოს ომში ჩართვის მიზნით

ეკა სეფაშვილი

მსოფლიოში მოცემულობა კიდევ უფრო გართულებულია. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ფაქტობრივად ომის ცეცხლში არის გახვეული და საქართველო და უფრო ვრცელი კავკასიის რეგიონი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული ევრაზიის კონტინენტზე გაჩაღებული ამ უზარმაზარი სამხედრო დაპირისპირებისა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვა კვლავ აქტუალურია და სწორედ ამისთვის გარე ძალები ცდილობენ, რომ ხელისუფლება შეცვალონ.

„ფაქტია, რომ მიმდინარეობს მსოფლიოს ახალი გადანაწილება, ახალი წესრიგის ჩამოყალიბება და რა თქმა უნდა საქართველოს ჩართვა ომში არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ამ გლობალური აქტორებისათვის, იმიტომ რომ ეს ბერკეტი გამოიყენონ რუსეთის დასასუსტებლად, რომელიც არის ერთ-ერთი პრეტენდენტი იმისა, რომ იყოს მსოფლიოს ახალ წესრიგში ერთგვარი პოლუსი და მსოფლიო გადანაწილებაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს თავის სასარგებლოდ. ამის თქმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ასევე ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოზე განხორციელებული უდიდესი ზეწოლა. ჩვენ ძალიან ბევრი ტყუილი და ცრუ ბრალდება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ამ ვითარებაში საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გლობალური მსოფლიოს გადანაწილების პროექტში მარტო საქართველოს ომში ჩართვის თემა არ არის, აქ მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ საქართველოსა და ზოგადად კავკასიის რეგიონზე მოიპოვონ სრული გავლენა. ანუ, აქ საუბარი ეხება საქართველოს სუვერენიტეტის მთლიან დათმობას, იმიტომ, რომ საქართველო და ეს ჩვენი უფრო ვრცელი რეგიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური ეკონომიკური განვითარებისათვის და რა თქმა უნდა ამ რეგიონზე და კონკრეტულად საქართველოზე კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში სავსებით შედის. აქედან გამომდინარე, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული. პირიქით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ომში ჩართვის საფრთხეს. ეს ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და ხელისუფლება, ემსახურება მიზანს, რომ შეცვალონ ხელისუფლება. ანუ უპირველესი მიზანია ხელისუფლების შეცვლა საქართველოს ომში ჩართვის მიზნით“, - განაცხადა სეფაშვილმა.