დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივდა

კომისიის ანგარიში

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში მოისმინა და 86 ხმით ერთხმად, კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელა.

პლენარულ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა წარადგინა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით, კომისიას ჩატარებული აქვს 40-ზე მეტი სხდომა და გამოკითხულია 150-მდე პირი. მისივე თქმით, კომისია მუშაობს 3 წევრის ფორმატში, როდესაც კომისიის სამ-სამი წევრი სხვადასხვა პირის გამოკითხვას ატარებს.

თეა წულუკიანის თქმით, კომისია საჯარო სხდომის ფორმატის ამოწურვის ეტაპზეა და დარჩენილია ორი სხდომა - 30 ივნისსა და 2 ივლისს.

„ჩვენ ამოვწურავთ საჯარო სხდომის ფორმატში მუშაობას, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას მოქალაქეების განცხადებებზე და სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით. 450 გვერდი დასკვნის პროექტის სახით მზად არის, თუმცა დოკუმენტს გადამუშავება და რედაქტირება სჭირდება. სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ კომისიის უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით, 5 აგვისტომდე გაგრძელება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან იმ მიმართულებებსა და საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ყურადღება გამახვილდება.

„კომისიის დასკვნა იქნება უმძიმესი, უმძიმესი იმ შეფასებებით, რომლებიც ექვსივე თემაზე გაკეთდება. ეს გახლავთ: 2008 წლის აგვისტოს ომი; ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, ასევე მათ მიღმა; 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო გეოპოლიტიკური მიზნების წინააღმდეგ დამაზიანებელი ქმედებები, სანქციების პოლიტიკა ქვეყნის დაზიანების და არა მხოლოდ რომელიმე ინდივიდის დაზიანების მიზნით, გადატრიალების არაერთი მცდელობა გარე ძალების დახმარებით; ასევე ჩვენი კვლევის თემაა - მედია თავისუფლება, ბიზნესის რეკეტი და კორუფცია. ყველა ამ თემაზე შეფასება იქნება უმძიმესი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულ ადამიანებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.