დიდი ოდენობით თანხის გათეთრების ფაქტზე დაკავებულის საქმეზე ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ბანკი

დიდი ოდენობით თანხის გათეთრების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მანდატის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით.

საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იყენებს შესაბამის საზედამხედველო ზომებს. მათ შორის, ფულად ჯარიმებს, რაც ემსახურება სექტორის შესაბამისობის დონის ამაღლებას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას. ასევე, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის უფლებამოსილ უწყებებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის შესაბამისობის დონე, ასევე ზედამხედველობის ხარისხი მუდმივად დადებითად ფასდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.