"დიდი ალბათობით, არჩევნების დასრულების შემდეგ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში" - ირაკლი ქადაგიშვილი გახარიას გუნდზე

ქადაგიშვილი

 როდემდე გაგრძელდება გახარიას გუნდის საპარლამენტო ბოიკოტი? პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების შემდეგ მათი პოზიცია გადაიხედოს.

თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილი დოკუმენტებით გაირკვა, რომ პარტიის მანდატშეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე მანდატების შენარჩუნებას ითხოვს. თუმცა, თავად პარტიაში ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ პროცედურული საკითხია და ისინი ამ ეტაპზე ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ არჩევნების შემდეგ გახარიას გუნდი პარლამენტში შევა.

"12 წევრი უკვე არის პარლამენტის წევრი. თუ წარმოადგენენ განცხადებას, რომ სურთ, დატოვონ პარლამენტი, მაშინ პარლამენტი ამაზე იმსჯელებს. გახარიას გაცხადებული პოლიტიკაა, რომ იმოქმედებს იმის მიხედვით, როგორც ჩათვლის საჭიროდ. იმიტომაცაა, რომ ოპოზიციის ნაწილისგან წყევლა-კრულვას იმსახურებს. დიდი ალბათობით, ამ არჩევნების დასრულების შემდეგ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.