დავით ქართველიშვილი: უკრაინელ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საარჩევნო პროცესი ჩაატაროს მეტ-ნაკლებად სამშვიდობო პირობებში

დავით ქართველიშვილი

უკრაინელ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საარჩევნო პროცესი ჩაატაროს მეტ-ნაკლებად სამშვიდობო პირობებში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა უკრაინაში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ თქმის 15 მლნ ამომრჩეველი ქვეყანაში არ იმყოფება, არჩევნების ჩატარება ტექნიკურადაც რთული იქნება.

„ახალი არჩევნების პროცესი უკრაინაში შეიძლება უახლოეს პერიოდში განვითარდეს ჩვენს თვალწინ. ამ პერიოდში უკვე რა სამხედრო თვალსაზრისის შეზღუდვებზე წავა კრემლი, ეს ძალიან საინტერესოა. ალასკაზე პუტინის რუსეთის პოზიცია გაჟღერდა, რომ ისინი არ ითვალისწინებენ სამხედრო მოქმედებების შეჩერების საკითხს და მუშაობენ მხოლოდ შეწყვეტაზე. უკრაინელ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა საარჩევნო პროცესი ჩაატაროს მეტ-ნაკლებად სამშვიდობო პირობებში, მითუმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ 12 თუ 15 მლნ ამომრჩეველი გასულია ქვეყნის გარეთ და ამიტომ, ამ არჩევნების ჩატარება წმინდა ტექნიკური კუთხითაც ძალიან დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურაზეც.

„ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა არახალი თემაა. ის თავის დროზე დროულად განარიდეს სამხედრო თეატრს უკრაინაში. რა თქმა უნდა ის იქნება ერთ-ერთი ძალიან სერიოზული კანდიდატი უკრაინის პრეზიდენტის როლზე. თუმცა, დღეს ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ მან კიდევ ერთხელ სცადოს ბედი და იყაროს კენჭი, თუმცა მე ეჭვი მეპარება, რომ უკრაინელი ამომრჩეველი მის ამ გადაწყვეტილებას დიდი ენთუზიაზმით შეხვდება“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.