დავით ქართველიშვილი: არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური ძალები ეკლესიურ თემას შიდა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ

დავით ქართველიშვილი

პოსტსაბჭოურ მართლმადიდებლურ სივრცეში, ბრძოლა პრინციპით "გაყავი და იბატონე" ახალ მიმართულებას იძენს, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, უკრაინის შემდეგ ბრძოლაში პრინციპით "გაყავი და იბატონე" დღეს უკვე მოლდოვა ჩაერთო, მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ რიგში, საქართველოც ჰყავთ სამიზნეში.

„პოსტსაბჭოურ მართლმადიდებლურ სივრცეში, ბრძოლა პრინციპით "გაყავი და იბატონე" ახალ მიმართულებას იძენს. უკრაინის შემდეგ, დღეს ეს არის უკვე მოლდოვა. მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ რიგში, საქართველოც ჰყავთ აყვანილი სამიზნეში. თუ პროცესებს მკაცრი, რეალისტური სახელმწიფოებრივი ოპტიკით შევხედავთ, სურათი უფრო კონკრეტული და ნაკლებად აბსტრაქტული ხდება. უკრაინაში საქმე არ ეხება მხოლოდ „თეოლოგიურ ნიუანსებს“, იქ არსებობს პირდაპირი ინსტიტუციური დაპირისპირება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ), რომელიც კანონიკურად დაკავშირებული იყო მოსკოვის საპატრიარქოსთან და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (ПЦУ) შორის, რომელმაც 2018 წელს კონსტანტინოპოლისგან ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო. ეს დაპირისპირება მოიცავს სამრევლო თემებზე "ნადირობას", სასამართლო დავებს, სახელმწიფოს ღია მხარდაჭერას და ეკლესიური საკითხის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებას.

მოლდოვაში ვითარება სტრუქტურულად მსგავსია: კონკურენცია მიმდინარეობს მოლდოვის მიტროპოლიას (მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქცია) და ბესარაბიის მიტროპოლიას (რუმინეთის საპატრიარქოს იურისდიქცია) შორის. 2022 წლის შემდეგ ეს დაძაბულობა გაძლიერდა ევროკურსისა და „რუსული გავლენის“ თემის პოლიტიზაციის ფონზე. ფორმალურად საუბარია იურისდიქციის თავისუფალ არჩევანზე, თუმცა არსებითად საქმე ეხება ქვეყნის სულიერი სივრცის გადანაწილებას.

თუ ამ ორ ქეისს გავაერთიანებთ, აშკარა ხდება მექანიზმი: ეკლესიური სტრუქტურა, რომელიც ასოცირდება მოსკოვთან, ეტაპობრივად გადადის სულიერი ინსტიტუტის სტატუსიდან „რისკ-ფაქტორის“ კატეგორიაში. სახელმწიფო, გარე პარტნიორების მხარდაჭერით, ალტერნატიული ცენტრის გაძლიერებას უწყობს ხელს. უკრაინაში ეს პროცესი მკვეთრი და ინსტიტუციურად გაფორმებული იყო; მოლდოვაში - უფრო "რბილი", მაგრამ ვექტორი მსგავსია.

ქართული კონტექსტი ამ ფონზე განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. როდესაც სასულიერო პირების ნაწილი ეკლესიის იერარქიას „მოსკოვთან კავშირში“ ადანაშაულებს, როდესაც ჩნდება განხეთქილების ეპიზოდები (მათ შორის ცალკეული იერარქების ხმაურიანი დემარშების სახით) და პარალელურად აქტიურდება კონტაქტები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ეს აღიქმება როგორც ალტერნატიული ძალის ცენტრის შექმნის მცდელობა მომავალში შესაძლო მემკვიდრეობის ცვლილების მოლოდინში. ქართული ქეისის ცინიზმი იმაშიც გამოიხატება, რომ მოქმედი პატრიარქის ასაკისა და ჯანმრთელობის გათვალისწინებით, მემკვიდრეობის საკითხი, გარდაუვლად იქცევა პოტენციური დაპირისპირების ზონად.

ამ ინტერნაციონალური პროცესების ირგვლივ „ერთიანი შტაბის“ არსებობაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მართებულია: დასავლური ინსტიტუტები დაინტერესებული არიან ამ რეგიონების მაქსიმალური კულტურული რეორიენტაციით, ხოლო არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური ძალები ეკლესიურ თემას შიდა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ. შედეგად ეკლესია სულიერი კატეგორიიდან გავლენის ინფრასტრუქტურად გარდაიქმნება. ხოლო ბრძოლა "საკურთხევლისათვის", სახელმწიფოს სტრატეგიული ორიენტაციისთვის ბრძოლად. კიევსა და კიშინოვზე რა მოგახსენოთ, მაგრამ თბილისი, იმედია, ამ ბრძოლისთვის მზადაა,“ - წერს დავით ქართველიშვილი.