თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1775143850
„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება.
„ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს. სწორედ ამ კონტექსტში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო, მისი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობაზე ორიენტირებული. ეს შედეგობრივად არც აყოვნებს, ეკონომიკური წინსვლა გვაქვს და ეს ყველაფერი ცალსახად მშვიდობის პოლიტიკის დამსახურებაა. მეორე მხრივ, საქართველოს როლის ხაზგასმა და მისი გამოყენების აუცილებლობა იმ მსოფლიო, გლობალური ისტერიის პირობებში, რაც ხდება დღეს როგორც ჩვენს გარშემო, ასევე ზოგადად მსოფლიოში.
შუა დერეფანი ეს არის ის უნიკალური გზა, რომელიც არა დღეს, საუკუნეების წინ იყო გავლილი, აღმოჩენილი, აპრობირებული. ის აბრეშუმის გზა, რომელიც ჩინეთიდან მომდინარეობს და მიდის ევროპაში. საქართველოს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა და შექმნას მშვიდობიანი გზა ეკონომიკური კავშირურთიერთობისთვის, ვაჭრობისთვის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს არის საქართველოს ისტორიული მისია, შეგვიძლია ასე დავარქვათ, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები და მშვიდობა იყოს აუცილებლად ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილი. ვიყოთ გამტარი ჰაბი აზიასა და ევროპას შორის იმისთვის, რომ ამ გლობალური რყევების, გლობალური კატაკლიზმების პირობებში დავრჩეთ, ნუ ვიქნებით ერთადერთი, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციად, სადაც გაივლის ძირითადი არტერია სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობისა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, - აღნიშნა მან.