დავით მათიკაშვილი: ევროპულ გზას, პირველ რიგში, უნდა დაუბრუნდნენ ევროჩინოვნიკები და ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. სინამდვილეში, საქართველო არცერთი წამით და არცერთი ნაბიჯით არ დაშორებია ევროპული განვითარების გზას

დავით მათიკაშვილი

ევროპულ გზას და ევროპულ ღირებულებებს, პირველ რიგში, უნდა დაუბრუნდნენ ევროჩინოვნიკები და ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით.

მათიკაშვილის თქმით, სინამდვილეში, საქართველო არცერთი წამით და არცერთი ნაბიჯით არ დაშორებია ევროპული განვითარების გზას.

„სწორედ ევროჩინოვნიკების და იმ არაფორმალური მმართველობის მხრიდან, საქართველოზე ზეწოლის ფონზე იყო პრაქტიკულად იქვე, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება შეეჩერებინათ შემდგომი პროცესი.

ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეო კურსი, რომელსაც ვახორციელებთ და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ 2030 წლისთვის ყველა კანდიდატ სახელმწიფოსთან შედარებით საქართველო იქნება ყველაზე მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ევრობიუროკრატიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია თავად შეაჩერა, ახლა კი ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს. გაკეთებული განცხადებების ერთ-ერთი ავტორი მარტა კოსია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინაც გაიმეორა, რომ შეჩერება მოხდა მათი ავტორობით, დღეს კი საკუთარ გზავნილს ეწინააღმდეგება.