დავით მათიკაშვილი: ამერიკაში ვეღარ აფათურებენ ხელს და, როგორც ჩანს, სიმძიმის წერტილმა ევროკავშირში გადაინაცვლა, „დიფ სთეითი“ უკვე იქიდან ეცდება საკუთარი პოლიტიკის განხორციელებას

დავით მათიკაშვილი

ამერიკაში ვეღარ აფათურებენ ხელს და, როგორც ჩანს, სიმძიმის წერტილმა ევროკავშირში გადაინაცვლა, „დიფ სთეითი“ უკვე იქიდან ეცდება საკუთარი პოლიტიკის განხორციელებას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ამერიკის მიერ შეწყვეტილ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას ევროკავშირი ჩაანაცვლებს.

„როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ აგრძელებს იმ გზას, რაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და ამერიკის შეერთებულ შტატებში USAID-ის დახურვის ფონზე აბსოლუტურად გაიშიფრა. ნათელი მოცემულობაა, როგორ ცდილობდნენ და ცდილობენ ე.წ. ენჯეოს, სამოქალაქო სექტორის გამოყენებით საკუთარი ინტერესის განხორციელებას. ეს ინტერესი არის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების დამხობა, რევოლუციების მოწყობა, ლგბტ პროპაგანდის წარმოება. ამერიკაში ვეღარ აფათურებენ ხელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მოცემულობა დასრულდა და, როგორც ჩანს, სიმძიმის წერტილმა ევროკავშირში გადაინაცვლა. „დიფ სთეითი“ უკვე ევროკავშირიდან ეცდება საკუთარი პოლიტიკის, ამ ხაზის და იმ ძალმომრეობის განხორციელებას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან აწარმოებდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.