დათო კოდუა: ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში ახალ სპორტულ მოედანს ვაშენებთ

დათო კოდუა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, ის პრობლემები რაც მოსახლეობასთან ადრე შეხვედრისას გამოიკვეთა მოგვარდა.

„დღეს შეხვედრები ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში გავმართეთ. აქ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ვიმყოფებოდი და აფხაზეთიდან დროებით დევნილმა მოსახლეობამ სტადიონის მშენებლობის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების საჭიროება დაგვისახელა. სანიაღვრე სისტემის მოწყობა უკვე დასრულებულია, რაც შეეხება ახალ სტადიონს, ტენდერი გამოცხადებულია“- აღნიშნავს კოდუა.

დათო კოდუას თქმით, ბარამიას დასახლება საკმაოდ დიდია, აქ ბევრი ახალგაზრდა, მოზარდი ცხოვრობს და სპორტული მოედანი მნიშვნელოვანია, როგორც სპორტის ხელშეწყობის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისთვის.

მერობის კანდიდატმა შეხვედრები ასევე გამართა სოხუმისა და ბერანძის ქუჩებზეც.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.