დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება - ნოდარ ბოკერია

ნოდარ ბოკერია

დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნოდარ ბოკერიამ კოლეგებს ახალი წელი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეს წელი წარმატებული იქნება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

ასევე აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა უკავშირდება „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას და იმ ბენეფიტებს, რომლებიც მოსახლეობამ დღემდე მიიღო.

ნოდარ ბოკერიამ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა უპრეცედენტო მაჩვენებელს მიაღწია და 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მისივე თქმით, უპრეცედენტო სავალუტო რეზერვების ზრდა ნიშნავს უცხოელი ინვესტორების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებისა და ზოგადად, სიტუაციის მიმართ ნდობის გამოხატვას.

აღნიშნულის მაგალითად ,ნოდარ ბოკერიამ იგლ ჰილსის 6,6 მილიარდიანი ინვესტიცია დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება, რაც ეროვნულ ბანკს დივერსიფიკაციის განხორციელების დამატებით ბერკეტებს მისცემს. უპრეცედენტოდ გაზრდილი სავალუტო რეზერვები კი მოსახლეობას იმ საერთაშორისო რყევებისგან დაიცავს, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია“, – გამაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

საკრებულოს წევრი თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივას შეეხო, რომელიც ფასების რეგულირებას უკავშირდება.

როგორც მან აღნიშნა, საზღვრიდან დახლამდე ფასნამატი ხელოვნურად შეადგენს 86%-ს, რაც, მათ შორის, სადისტრიბუციო ქსელებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სადისტრიბუციო ქსელები უმეტესად ოპოზიციას და კონკრეტულად მამუკა ხაზარაძეს უკავშირდება. აქვე შეგახსენებთ მის დესტრუქციულ როლს ჩვენთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში ანაკლიის პორტის საქმეში, რის გამოც მან საერთაშორისო არბიტრაჟის წინაშე პასუხი აგო“, — განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

მისივე თქმით, პრემიერ მინისტრის ინიციატივა მიზნად ისახავს ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და კარტელური პრინციპის აღმოფხვრას, რაც ამჟამად სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.