ლოცვა, რომელიც ღვთისმშობლობას უნდა წაიკითხოთ
1789935948
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა.
ერთდღიანი მედიატურის ფარგლებში, მინისტრმა და ჟურნალისტებმა ჯავახეთში მადათაფასა და ბუღდაშენის ტბები დაათვალიერეს და რეგიონის ბუნებრივ, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს გაეცნენ.
მედიატურის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემების დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეკოტურიზმის განვითარებასა და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
„ჯავახეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მაღალმთიანი ეკოსისტემაა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრინველთა მრავალფეროვნებისა და მიგრირებადი სახეობების დაცვისთვის. მადათაფასა და ბუღდაშენის ტბებს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რამსარის ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი აქვს და მიგრაციის პერიოდში მრავალი სახეობის ფრინველისთვის მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, დაცული ტერიტორიების განვითარება ბუნების დაცვის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში წარიმართოს, რათა ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ უნიკალური ეკოსისტემები და ბიომრავალფეროვნება, ხოლო, მეორე მხრივ, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ეკოტურიზმის განვითარებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
ჯავახეთის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, თეთრობის აღკვეთილში ნიამორის აღდგენის პროექტი იწყება, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ზოოპარკი კოორდინირებულად განახორციელებენ. პროექტი ნიამორის პოპულაციის აღდგენასა და ჯავახეთის ეკოსისტემის გაძლიერებას ითვალისწინებს.
საქართველოში დღეს 112 დაცული ტერიტორიაა, რომელთა საერთო ფართობი 1 066 175 ჰექტარს აღემატება და ქვეყნის ტერიტორიის 15 პროცენტზე მეტს მოიცავს. დაცული ტერიტორიების განვითარება, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და ეკოტურიზმის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს თითქმის 900 ათასი ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 500 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორია. გასულ წელს კი დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.