1692302192
ჩვენ საიტზე აბსოლუტურად ყველა ინფორმაციაა, როგორც დონორების, ასევე, პროექტების შესახებ - უჩა ნანუაშვილი მმართველი გუნდის კვლევაზე

მმართველი გუნდის მიერ ჩატარებულ კვლევას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალეა და შესაბამისი ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდებზე აქვთ მითითებული.
"ჩვენს ორგანიზაციას წლებია გამოქვეყნებული აქვს შესაბამისი შემოსავლები და ხარჯები დონორების მითითებით. ეს არის ხელმისაწვდომი, როგორც ვებ-გვერდზე, ასევე, ანგარიშში, რომელიც ასევე ვებ-გვერდზე არის. სპეციალური გვერდი ეთმობა ჩვეს ყოველწლიურ ანგარიშში ფინანსურ საკითხებს.
კანონი არის მასტიგმატიზირებელი, მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება. სამწუხაროდ, ამ კანონის მიღების პირობებში, და ეს უკვე დადასტურდა შესაბამისი განცხადებებით, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა," - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
ამასთან, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებლის, უჩა ნანუაშვილის თქმით, მათ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ფინანსურ საკითხებზე და პროექტების მიზნობრიობასთან დაკავშირებით.
"ჩვენ საიტზე აბსოლუტურად ყველა ინფორმაციაა, როგორც დონორების, ასევე, პროექტების შესახებ. ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია ყოველთვის იყო და არის გამჭვირვალე. თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ნებისმიერ ხარჯზე ინფორმაცია იყოს მისაწვდომი მოსახლეობისთვის," - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხზე "ქართულმა ოცნებამ" კვლევა ჩაატარა. თემაზე სახელისუფლებო პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, კვლევის საგანი იყო - რამდენად არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის ის ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობასთან, დაფინანსებასთან, წყაროსთან, გუნდთან, თუ სხვა საკითხებთან არის დაკავშირებული. "ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ გამჭვირვალობის მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა იმ ორგანიზაციებში, რომლებიც კანონის მიღებას აპროტესტებდნენ.