გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
თბილისში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ხან ჭენგი ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. მანამდე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ჩინეთიდან საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
"ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ლიდერები მხარს უჭერდნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ივნისში პრეზიდენტი სი ძინ პინი და პრეზიდენტი ყაველაშვილი შეხვდნენ და გაკეთდა განცხადება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება.
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას. ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისადმი ორმხრივი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპია.
დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ქვეყნის განვითარების ინტერესებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის", - განაცხადა ხან ჭენგმა.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.