ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა, მყარი საფუძვლით და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით - ელჩი

ირაკლი კობახიძე

ამჟამად ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა მყარი საფუძვლითა და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით, - აცხადებს  Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი.

ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.

„ჩინურმა კომპანიებმა ჩადეს ინვესტიციები და ააშენეს ინდუსტრიული პარკები და ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში, შეიძინეს „ბაზისბანკი“ და განავითარეს თანამშრომლობა ელექტრონული კომერციის, სავაჭრო ლოგისტიკის, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებში. ამ თანამშრომლობითი პროექტების განხორციელება და ორივე მხარის საწარმოებს შორის კონტაქტი ხელს შეუწყობს ორმხრივ სარგებელს. საქართველოს ხელსაყრელმა ბიზნესგარემომ უფრო მეტი ჩინური საწარმოს ყურადღება მიიპყრო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩინურ საწარმოებს, საბაზრო პრინციპების შესაბამისად ჩადონ ინვესტიციები საქართველოში და განუწყვეტლივ გააძლიერონ თანამშრომლობა სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვებში.  გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინური საინვესტიციო პროექტი განხორციელდება საქართველოში“, - განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.