ბოლო წლების მანძილზე ასეთი დაბალი რეიტინგი, რომელიც ნულთან არის მიახლოებული, არ ჰქონიათ - დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე

დავით მათიკაშვილი

ოთხი თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და უთანხმოება ოპოზიციაში. ანა წითლიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე თვის წინ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა და "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია იყო, რომ თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დაუშვებდა, შეთანხმებულიყო ერთი კანდიდატი თბილისში, თუმცა აღმოჩნდა, რომ გახარიას გუნდს ცალკე ყოფნა სურდა.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობენ "ლელოს" წევრებიც, რომლებიც ამბობენ, რომ თუ შეირჩევა წერტილები, სადაც ოპოზიცია ერთიანი ძალით იქნება წარმოდგენილი, შესაძლოა ეს ოპოზიციისთვის უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ბოიკოტი.

საკითხს გამოეხმაურნენ "ქართულ ოცნებაში", პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი 64-ვე ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, ოპოზიციას 0-თან მიახლოებული რეიტინგი აქვს

"რადიკალური ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ შორის, მხარდაჭერის კუთხით. ბუნებრივია, საზოგადოების მხრიდან, ბოლო წლების მანძილზე, ასეთი დაბალი რეიტინგი, რომელიც 0-თან არის მიახლოებული, რადიკალებს არ ჰქონიათ, შესაბამისად შედეგი არჩევნებზე იქნება ერთი, ცალსახა, 64-ვე მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და მძიმედ დამარცხდებიან რადიკალები. წართმევაზე რაიმე ფორმით საუბარი ღიმილის მომგვრელია. ისინი თუ ვინმეს რამეს წაართმევენ, თუ კი მიიღებენ მონაწილეობას, ერთმანეთთან გადანაწილდნენ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.