ბიძინა გიორგობიანი: ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღევანდელ მმართველ ელიტას ბრიუსელში მოუწევს ცოტა ხანში საკუთარი სკამების დატოვება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთანავე

ბიძინა გიორგობიანი

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღევანდელ მმართველ ელიტას ბრიუსელში მოუწევს ცოტა ხანში საკუთარი სკამების დატოვება ომის [რუსეთ-უკრაინის] დასრულებისთანავე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.

წამყვანმა ჰკითხა, იქნება თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის ე.წ. განხეთქილების ვაშლი.

„რა თქმა უნდა ეს [განხეთქილების ვაშლი] იქნება, თუმცა არა გადამწყვეტი. ჩვენთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს ცივილიზაციურ საფუძვლებს პირდაპირ არყევს და მიუღებელია. ასევე მიუღებელია სამხრეთ ევროპის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის ტრადიციული საზოგადოებების ქვეყნები - იქაც არ იქნება ადვილი ამის მიღება. ბევრი სხვა მომენტიც არის აქ, რომელიც ევროკავშირის შიგნით დაძაბულობას წარმოქმნის. ფაქტობრივად ბრიუსელის დიქტატის ქვეშ მოექცა ევროკავშირის ისეთი დიდი სახელმწიფოები სამხრეთ ევროპაში, როგორიცაა იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი.

სხვათა შორის პოლონეთთან დაკავშირებით გამოქვეყნდა დღეს სასამართლოს დადგენილება, რომელიც პოლონეთს ავალდებულებს გეი-ქორწინებები, რომლებიც ევროკავშირის იმ ქვეყნებში რეგისტრირდება, სადაც ეს მიღებულია, პოლონეთმაც აღიაროს. როდესაც ასეთი მიდგომაა და ასეთი დამოკიდებულება მოდის ბრიუსელიდან წევრი ქვეყნებისთვის, ნუღარ გაგვიკვირდება, რომ კანდიდატ ქვეყნებთან მათ ჰქონდეთ ისეთი დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღევანდელ მმართველ ელიტას ბრიუსელში მოუწევს ცოტა ხანში საკუთარი სკამების დატოვება ომის [რუსეთ-უკრაინის] დასრულებისთანავე“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა სცენ პატივი და გააკრიტიკა პოლონეთი იმის გამო, რომ ვარშავამ საკუთარი ორი მოქალაქის გერმანიაში დარეგისტრირებული ქორწინების აღიარებაზე უარი თქვა.