მძიმე ავარია თბილისში - დაღუპულია 17 წლის ბიჭი
1751919367
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, გიორგი გახარია ცრუობს, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი დასრულება სურს.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას"ნაციონალურ მოძრაობასთან" ოთხ მუნიციპალიტეტში კვოტა აქვს შექმნილი და ერთად თანამშრომლობენ.
როგორც გორდულაძემ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, თუ გიორგი გახარიას ნამდვილად სურს, "ნაციონალურმა მოძრაობამ", თავისი საქმიანობის გამო, პასუხი აგოს, ამის შესაძლებლობა მას დროებით საგამოძიებო კომისიაზე აქვს, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა შეუძლია.
"საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციის შესაბამისადაც, პარლამენტს აქვს შექმნილი საგამოძიებო კომისია, სადაც კვოტები არის განაწილებული თანაბრად, ანუ ოპოზიციასაც და უმრავლესობასაც თანაბრად აქვს წევრების წარდგენის შესაძლებლობა, მათ შორის - გახარიასთვის.
ასე რომ ყელყელაობს-ხოლმე, ბატონი გიორგი გახარია თავისი მიმიკებით, მხატვრული, თუ მსახიობური ნიჭის დემონსტრირებით, ცდილობს, თავისი ტყუილებიდან გამოძვრეს და მერე ფონს გავიდეს... ეს ტყუილები, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირისპირებაში გამოიხატება - ადამიანებს ბლოკი აქვთ შექმნილი ოთხ მუნიციპალიტეტში და მშვენივრად თანაცხოვრობდა წარსულშიც, აწმყოშიც და საარჩევნო პერიოდშიც "ნაციონალურ მოძრაობასთან".
თვითონ ამბობს, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დავამთავროო, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელიაო, ახლა ხომ ჰქონდა ამის შესაძლებლობა? სად იყო, პოლიტიკურ შატალოზე რომ დადიოდა და ახლაც სად ბრძანდება, კაციშვილმა არ იცის. "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის გამოკვლევა მიმდინარეობს ამ საგამოძიებო კომისიაზე, რატომ არ იყო გახარიას წარმომადგენელი იქ?!
"ლელოს" მსგავსად, ძალიან კარგად იღებდნენ დაფინანსებას - პარლამენტის წევრის ხელფასებს ვერა, მაგრამ პარტიულ დაფინანსებას კარგად იღებდნენ და არაფრად არ აგდებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, მათ გამოხატულ ნებას, შატალოებზე დადიოდნენ აქეთ-იქით და ახლა აქეთ აქვთ პრეტენზიები.
ახლა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ორი ოპოზიციური პარტია და შესაბამისად - საპარლამენტო უმრავლესობა. ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მათ შორის სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი, შესაბამისი მსჯელობის საფუძველზე, დასკვნა დადონ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.