1759236413
ბაჩიაშვილის დედა საუბრობს, რომ ივანიშვილთან ახლობლობა აკავშირებდა და რატომ არის ის მსჯავრდებული - ყველა თანასწორია კანონის წინაშე, როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის ახლობელთან, რომელმაც ფეხზე დააყენა, ეს ორმაგად ამორალური საქციელია - მაჭავარიანი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, სასამართლოს აქვს მტკიცებულებების უმაღლესი სტანდარტი, რის მიხედვითაც ბაჩიაშვილი არის თაღლითობაში მსჯავრდებული.
"ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. სასამართლოს აქვს მტკიცებულებების უმაღლესი სტანდარტი, რის მიხედვითაც ბაჩიაშვილი არის თაღლითობაში მსჯავრდებული. მანდ კითხვის ნიშანი არ არსებობს. გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახმა ფული გაათეთრა თუ არა, რა თქმა უნდა რელევანტურია, თუმცა უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
ბაჩიაშვილის დედა რომ საუბრობს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობა აკავშირებდა და მაქედან გამომდინარე, რატომ არის ბაჩიაშვილი მსჯავრდებული, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე. მით უმეტეს, როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის ის უკვე უნამუსო და უსინდისოა და როდესაც თაღლითობას სჩადის თავის ახლობელთან, რომელმაც ფეხზე დააყენა, ფული ანდო და აშოვნინა, ეს კიდევ ორმაგად ამორალური საქციელია. შესაბამისად, ამით აპელირება ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული", - აცხადებს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.