არჩილ გორდულაძე გერმანიის მიერ ქართული არასამთავრობოების დაფინანსების თემაზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე: მისასალმებელია იმ საკითხებზე კითხვების დასმა, რომლებსაც ვამხელდით და ვამხელთ „ქართული ოცნების“ გუნდის თითოეული წევრი

არჩილ გორდულაძე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა გერმანიაში პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებს ბუნდესტაგის მიმართ. კერძოდ, ოპოზიციური პარტია დაინტერესდა, საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ მხარდაჭერას გერმანიის ფედერალური მთავრობისგან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტებით, ან სხვა საშუალებებით.

„მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია იმ საკითხებზე კითხვების დასმა, რომლებსაც ვამხელდით და ვამხელთ „ქართული ოცნების“ გუნდის თითოეული წევრი. გერმანიას სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ ჰყავდა ელჩი და დიპლომატი - ეს იყო ერთი ჩვეულებრივი, აგენტურის წამქეზებელი და დამქაში პირი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ როგორმე გერმანიასთან ურთიერთობები დაძაბულიყო. აუცილებელია, რომ ამ კითხვებს მათ შორის, გერმანიაშიც გაეცეს პასუხები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილები იყვნენ დიპლომატები და არა მხოლოდ და მხოლოდ პარტიის რიგითი წევრები”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

აღნიშნულ თემაზე გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა მალტე კაუფმანმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ვაკვირდებით, თუ სად მიდის გერმანელი გადასახადების გადამხდელთა ფული. მით უმეტეს ვიცით გარკვეული სკანდალების შესახებ, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოში დააფინანსოს კონკრეტული ორგანიზაციები“.