არ ვიცით, ვინ არის ოპოზიციური პარტიების ხანუმა, მაგრამ ყოველდღე რომ სერიალებივით მათ „შეფიცვას” გვაყურებინებენ, ფაქტია - თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

„ოპოზიცია „გამარჯვების ფორმულას” გვპირდებოდა და ხალხი ხედავს მხოლოდ „დამარცხების ფორმულას,” - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ოპოზიციურ სპექტრში საარჩევნო კონფიგურაციების ცვლილებებს ეხმიანება. თუმცა, როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ურეიტინგო პარტიები პატარა ქარიშხალს მაინც ვერ დაატრიალებენ.

სწორედ ამიტომაა, ჩიბურდანიძის აზრით, ოპოზიციის დამკვეთი ძალები დასავლეთიდან მათ ყოველდღიურად მითითებებს აძლევენ და ამით ცდილობენ სხვადასხვა ფორმით დაუპირისპირონ ხალხი ხელისუფლებას.

„გაყრის პერიოდი დასრულდა, დაიწყო პოლიტიკური ქორწინებების ეტაპი. არ ვიცით, ვინ არის ამ ოპოზიციური პარტიების ხანუმა, მაგრამ ყოველდღე რომ სერიალებივით მათ „შეფიცვას” გვაყურებინებენ, ფაქტია.

ძველი და ახალი ნაცები და ისინიც ძველი სახეებით; ძველი რესპუბლიკელები ძველ ნაცებთან; რუსული „დროა” და მათი ნაყოფი „გირჩი”; ძველი მესიჯებით, ძველი დაპირებებით და ძველი პოლიტიკით... ჯერ მხოლოდ ორი სერია ვნახეთ, წინ გვაქვს მესამე, მეოთხე და შესაძლოა მეხუთე სერიაც. ბუნებრივია, იგივე ვადაგასული პოლიტიკით.

ოპოზიცია „გამარჯვების ფორმულას” გვპირდებოდა და ხალხი ხედავს მხოლოდ „დამარცხების ფორმულას”. იმის მოლოდინი რომ ჰქონდეთ „ლელო” ან გახარია, ან კიდე სხვა ურეიტინგო პარტიები პატარა ქარიშხალს მაინც დაატრიალებენ, სხვაგვარად იფიქრებდნენ, მაგრამ „რაც ალხანა, ის ჩალხანა”. არცერთის იმედი რომ არა აქვთ დასავლეთში მათ დამკვეთებს, იმიტომ გზავნიან ყოველდღე პოლიტიკურ დეპეშებს უცხოეთიდან, ეგებ ამით მაინც დაუპირისპირონ ხალხი ხელისუფლებას, მაგრამ ესეც უშედეგოდ.

დღეს ერთადერთი საფიქრალი აქვთ ოპოზიციის პატრონებს, დიდხანს არ გაუგრძელდეთ ახლად შეუღლებულებს თაფლობის თვე, თორემ საარჩევნო მარათონი მათ გარეშე ჩაივლის,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.