,,არ შეიძლება ასე უხეშად ერეოდე ბიუროკრატი ამხელა ისტორიის მქონე ურთიერთობებში" - მარიამ ლაშხი ზაარბრუკენსა და თბილისს შორის კავშირის გაწყვეტაზე

მარიამ ლაშხი

 უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების საგანია გერმანიის გადაწყვეტილება, რომელიც დაძმობილებულ ქალაქებს - ზაარბრუკენსა და თბილისს შორის ოფიციალური კავშირის გაწყვეტას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობაში 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის გაწყვეტას აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ გერმანია-საქართველოს ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობას გარე ძალების მხრიდან საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მომხდარს ძალიან სამწუხაროს უწოდებს და გამოთქვამს იმედს, რომ ორ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობები აღდგება.

"არ შეიძლება, ასე უხეშად, ასე არაადამიანურად ერეოდე ბიუროკრატი ამხელა ისტორიის მქონე ურთიერთობებში. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, თუმცა დრონი მეფობენ და არა მეფენი - მე იმედი მაქვს, რომ ის ისტორიული ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის აღდგება და მსგავს ადამიანებს ექნებათ საკუთარი ადგილი, პირველ რიგში, მათივე ხალხის მხრიდან იქნება ეს გამოხატული," - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

შეგახსენებთ, ქალაქებს შორის კავშირის გაწყვეტის გეგმას თბილისის მერი გუშინ წერილობით გამოეხმაურა. კახა კალაძემ "დიფ სთეითის" გავლენებზე გაამახვილა ყურადღება. გერმანული მედიის ცნობით კი, ეს ნაბიჯი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.