ანტონიუ კოშტა: ბოლო მოვლენების მნიშვნელობის გათვალისწინებით, შემდგომი კოორდინაციის მიზნით, გადავწყვიტე, უახლოეს დღეებში მოვიწვიო ევროპული საბჭოს რიგგარეშე სხდომა

ანტონიუ კოშტა

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მნიშვნელობის გათვალისწინებით და შემდგომი კოორდინაციის მიზნით, გადავწყვიტე, უახლოეს დღეებში მოვიწვიო ევროპული საბჭოს რიგგარეშე სხდომა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აცხადებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებმა აჩვენა მათი მტკიცე ერთგულება დანიისა და გრენლანდიის მხარდაჭერის მიმართ, ასევე მზადყოფნა, დაიცვან თავი ნებისმიერი სახის იძულებისგან და ამავდროულად, განაგრძონ კონსტრუქციული თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან.

„გრენლანდიის ირგვლივ ბოლოდროინდელ დაძაბულობასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებთან ჩემი კონსულტაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას შემდეგი საკითხების მიმართ: საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანობა; ერთიანობა დანიისა და გრენლანდიის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებში; არქტიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, კერძოდ, ნატო-სთან თანამშრომლობაში, საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესების აღიარება; საერთო შეფასება, რომ ტარიფები ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და შეუთავსებელია ევროკავშირი-აშშ-ის სავაჭრო შეთანხმებასთან; მზადყოფნა, დავიცვათ საკუთარი თავი ნებისმიერი ფორმის იძულებისგან; მზადყოფნა, გავაგრძელოთ კონსტრუქციული თანამშრომლობა აშშ-თან ყველა საკითხზე, რომელიც საერთო ინტერესშია. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მნიშვნელობის გათვალისწინებით და შემდგომი კოორდინაციის მიზნით, გადავწყვიტე, უახლოეს დღეებში მოვიწვიო ევროპული საბჭოს რიგგარეშე სხდომა“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

„როიტერის“ ინფორმაციით, ეს განცხადება ანტონიუ კოშტამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა ფართო შეთანხმებას მიაღწიეს. მედიის ინფორმაციით, ევროპელი დიპლომატები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ძალისხმევა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადარწმუნების მიზნით, რათა თავიდან აიცილონ გრენლანდიის საკითხის გამო ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფების დაწესება. თუმცა, დიპლომატების შეთანხმების მიხედვით, თუ გადასახადები ძალაში შევა, საპასუხო ზომები მომზადდება.