3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1757966639
ვინმე თუ არის უპასუხისმგებლო, მშიშარა, ეს ნამდვილად არის ბერლინში გაქცეული ყოფილი სუპერძალოვანი მინისტრი, როგორც მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეძახდნენ. გახარია ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რა პოზიცია ექნება გიორგი გახარიას.
„გახარია საერთოდ ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს, რადგან თვითონ უბრალოდ უპასუხისმგებლოდ ადგა და გაიქცა. ახლა ბერლინიდან მოძღვრავს იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან ყოველდღიურ ბრძოლაში. საკუთარი თავისუფლებით, საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობით იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ, ამიტომ ამ პროცესში თუ ვინმე არის უპასუხისმგებლო, თუ ვინმე არის მშიშარა, ეს ნამდვილად არის ბერლინში გაქცეული ყოფილი სუპერძალოვანი მინისტრი, როგორც მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეძახდნენ. ეს პროცესი არის ძალიან კარგი იმითაც, რომ ბევრი რამის კრისტალიზება ხდება, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე. ყველა ადამიანი ახლა ამ პროცესში ავლენს საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, მოტივებს. ჩემთვის საერთოდ უინტერესოა გახარიას პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ 4 ოქტომბერი არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის სურვილებზე ჩამოკიდებული დღე. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია ექნება გახარიას, რომელმაც გაცხადებულად თქვა, რომ ის შეიძლება, განიხილავდეს პარლამენტში შესვლასაც. ანუ, რეალურად აღიარა, რომ ის მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის უღალატოს მთელ ამ პროცესს. ჯერ კიდევ „ოცნებაში“ რომ იყო, მაშინ არ მქონია გახარიასთან დაკავშირებით დიდი წარმოდგენა, არც ოპოზიციაში მქონია დიდი წარმოდგენა. გახარიაც ჩვეულებრივი ნაწილია იმ რუსული პროექტის, რასაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გუნდს წარმოადგენდა და ზუსტად ისეთივე რუსულ პროექტად დარჩა აქ, ოპოზიციაში. დარჩა ტროას ცხენად, ამიტომაც ნაკლებად გვაინტერესებს ტემუდან გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე. ერთი პაატა ზაქარეიშვილი და გია ხუხაშვილი ვიცოდი, რომელიც სტენკა დადგმული აკეთებს კომენტარებს და გარეთ გამოსული არ მინახავს არასდროს და იქიდან გვმოძღვრავს მთელ ერს, ახლა მეორე ოთახში ჩაკეტილი გაქცეული გახარია, რომელსაც ბერლინში ეშინია, რომ ოთახიდან გამოვიდეს, ვინმე ქართველი „ქოცი“ რომ არ გადაეყაროს. საერთოდ არ არის ჩემთვის ეს საინტერესო“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „საარჩევნო ბოიკოტის შემდეგ, 4 ოქტომბერს, დანიშნულ დღეს, დანიშნულ ადგილზე, დანიშნული საათით რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის გამოცხადება იყო ყველაზე დიდი საჩუქარი „ოცნებისთვის“, რომელმაც თავისი შეზღუდული ლეგიტიმაციის გადასაფარად გამოიყენა ეს სიგიჟე, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაენახებინა, ალტერნატივა რა არის“. ამასთან, გახარიამ აღნიშნა: „მოქალაქეებს ეუბნები, რომ 4 ოქტომბერი უნდა იყოს მშვიდობიანი დამხობის დღე და რევოლუციის რესურსი არ გაქვს, შემდეგ დააბრალებენ ხალხს, არასაკმარისი გამოვიდა, ჩვენ რა ვქნათო“. გახარია ამბობს, რომ „4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის, თუ მშვიდობიანი რევოლუციის გაიგივება სახალხო პროტესტთან, ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და „ოცნების“ ლეგიტიმაცია იყო“.