1760793040
„ამაზრზენია, როდესაც, ევროპის დროშას ამოფარებულები, ევროპის დაფინანსებით, მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ“ - მარიამ ლაშხი ევროკავშირის საელჩოს მხრიდან დაფინანსებულ ვიდეოზე

ევროკავშირის საელჩოს სიძულვილის გაღვივებასა და მის დაფინანსებაში ადანაშაულებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, რომელშიც აქტივისტი ნესტან ბაგაური ხელისუფლების მოშორებაზე საუბრობს და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს აკეთებს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის საელჩოს მხრიდან სიძულვილის კამპანიის და რადიკალური ჯგუფების წახალისება ხდება. უმრავლესობის შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს პოლარიზაციას და ძალადობას და მიუღებელია, როდესაც ეს ევროკავშირის დაფინანსებით ხდება. მმართველი გუნდი დიპლომატიური მისიის პასუხს ელოდება.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი შეფასება და პირველ რიგში, პასუხი გაეცეს იმ პასუხისმგებელი პირების მხრიდან, რომლებიც ასეთ ტიპის აქტივობებს აფინანსებენ და ახალისებენ მსგავსი ტიპის ძალადობრივ გამონათქვამებს.
"ამაზრზენია, როდესაც, ევროპის დროშას ამოფარებულები, ევროპის დაფინანსებით, მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი შეფასება და პირველ რიგში, პასუხი გაეცეს იმ პასუხისმგებელი პირების მხრიდან, რომლებიც ასეთი ტიპის აქტივობებს აფინანსებენ და ახალისებენ მსგავსი ტიპის ძალადობრივ გამონათქვამებს სატელევიზიო კუთხით. ამას უნდა ჰქონდეს დასასრული და, პირველ რიგში - პასუხისგება ჩვენი სამართლის წინაშე", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.