1760793040
კიბოს ვაქცინამ თაგვებში სხვადასხვა სახის სიმსივნე შეაჩერა

შექმნეს ახალი ვაქცინა, რომელმაც სხვადასხვა ტიპის სიმსივნის პრევენციაში 88%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ის თაგვებზე გამოცადეს, რომლებსაც პრეპარატმა ჯანმრთელობა წარმატებით შეუნარჩუნა.
ეს ვაქცინა ორგანიზმის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ისე მიმართავს, როგორც ანტივირუსული აცრების შემთხვევაში ხდება ხოლმე. მასში ანტიგენის სახით სიმსივნის ისეთი კომპონენტია, რომლის დაფიქსირებისასაც სხეულში განგაშის რეჟიმი აქტიურდება და ის შეტევაზე გადადის; მეორე ელემენტი "ზე-ადიუვანტია", როგორც მას უწოდებენ. ის იმუნიტეტის თავდაცვას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს.
პირველი ტესტირებისას მეცნიერებმა თაგვებს მელანომის პეპტიდების ნანონაწილაკების შემცველი ვაქცინა გაუკეთეს, რამდენიმე კვირაში კი უკვე მელანომის უჯრედები გადაუნერგეს. კვლევის 250-დღიან პერიოდში ამ მღრღნელების 80% გადარჩა და სიმსივნე არ გამოვლენია. შედარებისთვის, არავაქცინირებული და სხვა ინიექციის მიმღები ცხოველები 7 კვირის განმავლობაში დაიხოცნენ.
მეორე ტესტირებისას სპეციალისტებმა უფრო გავრცელებული ანტიგენი გამოიყენეს — კიბოს ლიზატი, რომელიც დაშლილი მავნე უჯრედებისგან შედგება. ვარაუდობდნენ, რომ ის იმუნიტეტს სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავდა. აცრის შემდეგ თაგვების ორგანიზმი შემხებლობაში იყო მელანომასთან, პანკრეასის სიმსივნესთან და სამმაგ უარყოფით ძუძუს კიბოსთან.
ცხოველთა დიდი ნაწილი ამ შემთხვევაშიც გადარჩა: პანკრეასის სიმსივნის მქონე 88%, ძუძუს კიბოს მქონე 75% და მელანომის მქონე — 69%.
მკვლევრები ამბობენ, რომ მთავარი როლი "ზე-ადიუვანტს" აქვს, რომელშიც ორი იმუნური ადიუვანტი და მათ გარშემო არსებული ლიპიდური ნანონაწილაკებია გაერთიანებული. ისინი სხეულის იმუნურ რეაქციას ერთობლივად განაპირობებს. ჯერჯერობით უცნობია, იგივე ეფექტი ექნება თუ არა ამ ვაქცინას ადამიანებზეც. ამის მიუხედავად, ეს შედეგები იმედის მომცემია და მეთოდის პოტენციალს გვიჩვენებს.