1757870206
"ამ საკითხს სპეციალური გამოკვლევა დასჭირდება და ამის შემდეგ შეიძლება უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა, იყო თუ არა "შავი ჭირის" დროს გამდიდრების ფაქტი" - ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიაზე

პოლიტიკური შეფასებების თემაა "კურიერი P.S.-ის" ექსკლუზივი - ინფორმაცია, რომელიც გიორგი გახარიას, მის გადაწყვეტილებებსა და ქონებას ეხება. მოპოვებულ დოკუმენტებში საუბარია ექსპრემიერისა და მისი ოჯახის შემოსავლებზე, ქონებრივ დეკლარაციებსა და პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვებისგან თავის არიდების ფაქტებზე.
ირკვევა, რომ გახარიას ოჯახმა, პარიზში ბინა დაახლოებით ნახევარ მილიონ ევროდ იყიდა. მოგვიანებით, ქონებრივ დეკლარაციებში გამოჩნდა ჩხოროწყუში მიწის ნაკვეთებიც, სახლები ამაღლების ქუჩასა და წავკისში კი, მოგვიანებით, ოფიციალურ დოკუმენტებში აღარ ფიქსირდება.
აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან არსებობს ფაქტები, რომლის მიხედვითაც, პანდემიის დროს, მსოფლიოში ბევრი ჩინოვნიკი გამდიდრდა.
"ზოგადად, არის ასეთი რამ, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, პანდემიის დროს, ბევრმა ჩინოვნიკმა სიმდიდრე დააგროვა. ალბათ ამ საკითხს სპეციალური გამოკვლევა დასჭირდება და ამის შემდეგ შეიძლება უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა, იყო თუ არა "შავი ჭირის" დროს გამდიდრების ფაქტი," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, გიორგი გახარიასგან არაფერი გაუკვირდება.
"მე არაფერი არ გამიკვირდება მისი მხრიდან. მან იმდენი ცუდი რამ გააკეთა საქართველოსთვის, სათავისოდ და კანონის დარღვევით თუ რამეს გააკეთებს, არ გამიკვირდება," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.