1757870206
ეუთო/ოდირის მისია იმხელა ბულინგისა და ზეწოლის მსხვერპლი გახდა, მგონია, რომ ისინი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ჩამოვლენ - კახა კალაძე

„ეუთო/ოდირს მოწვევის წერილი რომ გავუგზავნეთ, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავით, რომ ისინი ვერ და არ ჩამოვიდოდნენ, რომ იგივე ბულინგის ქვეშ არ ჩავარდნილიყვნენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მისი აზრით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არათუ თვითმმართველობის არჩევნებზე, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ჩამოვა.
„ამ თემაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე და ახლაც გავიმეორებ, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია იმხელა ბულინგის, შეურაცხყოფისა და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა საპარლამენტო არჩევნებზე, არანაირი სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის. მე მგონია, რომ ისინი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. გარდა აქაური ოპოზიციის ბულინგისა და ლანძღვისა, ქვეყნის გარედანაც იყო მსგავსი ფაქტები. მაგალითად, გავიხსენოთ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ზოგიერთი ევროპარლამენტარი, ზოგიერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის გაქსუებული ტიპები რა განცხადებებს აკეთებდნენ. ტყუილი, სიბინძურე, ცილისწამება, მუქარა ისმოდა. შესაბამისად, ამ ადამიანებს იგივე ზეწოლის ქვეშ ყოფნა არ უნდათ და ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მათი ვერ ჩამოსვლა ვადების გამოა, შეგახსენებთ, ზუსტად იგივე ვადაში, 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ. ზუსტად იგივე წერილით მიმართა ჩეხეთმა და იქ ჩადიან. თავიდანვე წერილი რომ გავგზავნეთ, დარწმუნებული ვიყავით, რომ ისინი ვერ და არ ჩამოვიდოდნენ, რომ იგივე ზეწოლის ქვეშ არ აღმოჩენილიყვნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.