„ამ ადამიანებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ შეასრულონ ყველა დონის ამოცანა და მისია, რომელიც დაეკისრებათ“ - ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებზე

ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოებით - „ღირსების ორდენითა“ და „ღირსების მედლით“ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დააჯილდოვა.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეს ჯილდო არის აღიარება და მაღალი შეფასება იმ განსაკუთრებული პიროვნული წვლილისთვის, რომელიც წლების განმავლობაში სამხედრო მეთაურებმა საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობისა და თავდაცვის ძალების განმტკიცების საქმეში შეიტანეს.

„ამ ადამიანებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ შეასრულონ ყველა დონის ამოცანა და მისია, რომელიც მათ დაეკისრებათ, ეს იქნება ქვეყნის შიგნით, თუ ფარგლებს გარეთ სამშვიდობო მისიებში. მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მომავალ წელს 35 წლის იუბილეს აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი. ამ დარბაზში შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებმაც თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს და სამშობლოს მსახურებას დაუთმეს 30 წელზე მეტი.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ინიციატივებისთვის, რომელიც დღეს უზრუნველყოფს იმ სოციალურ პირობებს, რომელიც ჩვენი ჯარისკაცებისთვის არის საჭირო. ბატონო პრეზიდენტო, მინდა მადლობა გამოვხატო იმ პატივისცემისა და დამოკიდებულებისთვის, რომელიც თქვენ გაქვთ თავდაცვის ძალების მიმართ. ჩვენ ამას ვგრძნობთ, ვაფასებთ და რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ ამ ყველაფრისთვის,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.