ალექსანდარ ვუჩიჩი: მადლიერი ვარ საქართველოსი, რომ იგი პატივს სცემს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც სერბეთი სცემს პატივს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მოცემულობა არასდროს შეიცვლება არცერთი მხრიდან

ალექსანდარ ვუჩიჩი

ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გაერო-ს ქარტიისა და გაერო-ს რეზოლუციების მოთხოვნების დაცვა უმთავრესია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მადლიერია საქართველოსი, რომ იგი პატივს სცემს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც სერბეთი სცემს პატივს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ეს მოცემულობა არასდროს შეიცვლება არცერთი მხრიდან. ჩვენ ვართ შედარებით მცირე და საშუალო ზომის ქვეყნების წარმომადგენლები. ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და ამას მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ. ჩვენ მალე გვექნება შერეული კომიტეტის სხდომა და მალე დავიწყებთ სტრატეგიულ განხილვებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით სერბეთსა და საქართველოს შორის. ეს იქნება სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის.

საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, იმათთვის ვინც ეს არ იცის, იგი გადის შავ ზღვაზე. მას გააჩნია საზღვარი რუსეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო უმნიშვნელოვანესი ადგილია მსოფლიოში.

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებთან. ჩვენც განვიცდით იმავეს და გვესმის საქართველოს პოზიცია. დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში შევა შემდეგ წელს, რადგან სერიოზული, ღრმა დისკუსიები მიმდინარეობს. ჩვენი მხრიდან შერეულ კომისიას ხელმძღვანელობს მინისტრი ლაზარევიჩი. ვთვლით, რომ ამ ხელშეკრულების შედეგად ჩვენ საქართველოდან პროდუქტებს მივიღებთ უფრო იაფად, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ეს არის კარგი შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესებისთვის, მეწარმეებისთვის, რომ ნახონ საკუთარი პროდუქტების გასაღების ბაზრები საქართველოში.
ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობის გაუმჯობესება სოფლის მეურნეობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.

დარწმუნებული ვარ, ამ სფეროებში დიდ პროგრესს მივაღწევთ. ასევე, ჩვენ დამატებით ვაუმჯობესებთ ჩვენს ურთიერთობებს და შევძლებთ, განვიხილოთ თანამშრომლობა ჩვენს სამხედრო სფეროში. ჩვენ ხშირ პოლიტიკურ კონსულტაციებს ვატარებთ, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ გაერო-ს ორგანიზაციების, არამედ სხვა ინსტიტუტების დონეზე. მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში შეუძლია, ჰქონდეს სერბეთის მხარდაჭერის, ხმის იმედი და ასევე პირიქით, სერბეთს შეუძლია, ჰქონდეს საქართველოს მხარდაჭერის იმედი“, - აღნიშნა მან.