სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო გაფრთხილება მოსახლეობას
1755250205
შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის დღევანდელი მოლაპარაკება ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. ორივე მხარე აუდიენციაზე ხუთ-ხუთ კაციანი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი.
აშშ-ის პრეზიდენტის კორტეჟის ავტომობილები და სხვა საშუალებები ანკორიჯში სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩაიტანეს. ანკორიჯში თავისი კარგად შეიარაღებული დაცვით ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტიც. ორივე მხარე თანაბრად უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
ქალაქში ავტომობილების პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილები პრეზიდენტების კორტეჟებისთვის გაათავისუფლეს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე(მოსკოვის დროით 22:00) დაიწყება.
შეერთებული შტატების ლიდერმა პუტინთან შეხვედრამდე ვირტუალური მოლაპარაკება ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან გამართა - ტრამპი ონლაინ შეხვედრას დადებითად აფასებს.
მსოფლიო ლიდერების ვირტუალურ მოლაპარაკებებს ზელენსკიც ესწრებოდა, რომელიც გერმანიიდან დღეს ბრიტანეთში გაფრინდა და ტრამპი-პუტინის სამიტამდე ერთი დღით ადრე დაუნინგ სთრითზე ბრიტანეთის პრემიერს შეხვდა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს მისი სათქმელი ბრიტანეთში საჯაროდ აღარ დაუფიქსირებია.
ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, სადაც დღეს, 15 აგვისტოს გაიმართება აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ „25%-იანი შანსი არსებობს“, ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდეს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ პარასკევს დაგეგმილი სამიტი მზადება იქნება შეთანხმების დასრულებისკენ მიმართული მეორე მსგავსი მოლაპარაკებებისთვის.
ამავე დროს თეთრი სახლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის მეორე შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს და რომ პუტინთან და ზელენსკისთან სამომავლო შეხვედრისთვის სამი ადგილი აქვს მონიშნული.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი გრძელდება. ჩვენ ძალიან კონსტრუქციული დიალოგის იმედი გვაქვს. რუსეთის შესახებ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, უსათუოდ, გვაქვს შესაძლებლობა ამერიკულ მხარემდე მივიტანოთ რუსეთის მკაფიო პოზიცია“, - თქვა პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა დმიტრიევმა.
ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ტრამპმა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ არ აპირებს პუტინთან განიხილოს უკრაინის ტერიტორიების განაწილების საკითხი და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სურს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მონაწილეობს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაში ალასკაში.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან ონლაინ-შეხვედრაში ბერლინიდან, გერმანიის კანცლერ მერცთან ერთად მონაწილეობდა, 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის მთავარი თემა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იქნება.
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს.
„ამ შეხვედრის მიზანი უნდა იყოს შეხვედრა, რომელშიც პრეზიდენტი ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტ ტრამპს ახლა შეუძლია მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. ის იმსახურებს მადლობას ამ ინიციატივისა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მჭიდრო კოორდინაციისთვის“.
სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ ალასკაზე გაგრძელდება სასარგებლო საუბარი, რომელიც სტივ უიტკოფის ვიზიტის დროს დაიწყო.
„ჩვენ არასდროს ვგეგმავთ წინასწარ. გვაქვს არგუმენტები, გვაქვს მკაფიო, ზუსტი პოზიცია და მას დავაფიქსირებთ. სტივ უიტკოფის ვიზიტების დროს უკვე ბევრი რამ გაკეთდა, პრეზიდენტმა ამის შესახებ განაცხადა. უიტკოფმა პრეზიდენტ ტრამპის სახელით ისაუბრა. იმედი მაქვს, დღეს ამ ძალიან სასარგებლო საუბარს გავაგრძელებთ“
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ უკრაინაც და რუსეთიც მზად უნდა იყვნენ კომპრომისებისთვის. მაგრამ ამავე დროს მან თქვა, რომ აშშ მიზნად ისახავს კონფლიქტის მოგვარებას „შეხების ამჟამინდელი ხაზის გათვალისწინებით“.
აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, ტრამპის ერთ-ერთმა უახლოესმა თანაშემწემ და მეგობარმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას ომის დასასრულებლად გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.
„მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან: უკრაინა ყველა რუსს არ გააძევებს და რუსეთი კიევს არ დაიკავებს, ამიტომ საბოლოოდ მოხდება ტერიტორიების გარკვეული გაცვლა“, განუცხადა გრემმა NBC News-ს ალასკის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ რუსეთის ლიდერი ბლეფობს ომის დასრულების სურვილთან დაკავშირებით.
„მე ვუთხარი აშშ-ის პრეზიდენტს და ჩვენს ყველა ევროპელ კოლეგას, რომ პუტინი ბლეფობს“, - განაცხადა მან ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
„ის ცდილობს, რომ ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის წინ, უკრაინის ფრონტის მთელ ხაზზე ზეწოლა მოახდინოს. რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ შეუძლია მთელი უკრაინის ოკუპაცია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად, არავის სურს მშვიდობა ევროპელებზე მეტად, თუმცა რუსეთი თავის დანიშნულებას ომის წარმოებაში ხედავს. მას სურს ჩვენი თავისუფლების წართმევა. მიუხედავად ამისა, დემოკრატიების ტრანსატლანტიკური ერთიანობა უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული იმპერიალიზმი. სწორედ ჩვენი საერთო ტრანსატლანტიკური ძალის მეშვეობით შეგვიძლია, მივაღწიოთ ღირსეულ მშვიდობას, რომელიც საიმედო უსაფრთხოებაზე იქნება აგებული“, – განაცხადა სიბიგამ.