ფრიდრიხ მერცი: ტრამპისა და პუტინის შეხვედრისას რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს

ფრიდრიხ მერცი

ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცმა აღნიშნა, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ მშვიდობის შესაძლებლობა შექმნა და მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, უარი თქვას ცეცხლის შეწყვეტის ყველა წინაპირობაზე და შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის.

„ამ შეხვედრის მიზანი უნდა იყოს შეხვედრა, რომელშიც პრეზიდენტი ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქ უნდა იყოს მიღწეული. უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება. ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ უკრაინელების თანხმობით შეიძლება. პრეზიდენტ ტრამპს ახლა შეუძლია მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. ის იმსახურებს მადლობას ამ ინიციატივისა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მჭიდრო კოორდინაციისთვის“, – წერს მერცი.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიმართება.