ადამიანებს აიძულებენ, არ იყვნენ აქტიურები... თქვენ თვითონ აჭერინებთ თქვენს თავსო და სინამდვილეში, ეს ხალხი, უბრალოდ, იბრძვის - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიცია თვითდაზიანების, იგივე თვითდაპატიმრების რეჟიმში, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში, ოპოზიციის ცალკეული წევრების ქმედებებს. "ქართულ ოცნებას" მაგალითად ელენე ხოშტარია მოჰყავს, რომელმაც მელიქიშვილის გამზირზე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ბანერი დააზიანა, გადაიღო და სოციალურ ქსელშიც თავად ატვირთა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. შეფარდებული გირაო კი არ გადაიხადა.

თემაზე გუშინ პრემიერმაც ისაუბრა და თქვა, რომ თვითდაზიანების პრაქტიკამ, რომელსაც ციხეში პატიმრები მიმართავდნენ, ახლა პოლიტიკაში გადმოინაცვლა. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ოპოზიცია იბრძვის, ხელისუფლება კი მოქალაქეებს აიძულებს, არ იყვნენ აქტიურები და ოპოზიციურად განწყობილები.

"ჩვენ პოლიტიკური პატიმრები გვყავს არა იმის გამო, რომ ამ ხალხს უხარია შვილებს და ოჯახის წევრებს რომ არ ნახულობენ, არამედ იმის გამო, რომ, რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში, ზოგიერთი მათგანის სამოქალაქო გამბედაობას იჩენს. ადამიანებს აიძულებენ, არ იყვნენ აქტიურები, არ იყვნენ ოპოზიციურად განწყობილები და არ დაგიჭერენო, თქვენ თვითონ აჭერინებთ თქვენს თავსო და სინამდვილეში, ეს ხალხი, უბრალოდ, იბრძვის. თუ მათ ჰგონიათ, რომ ვინმე ამ რეპრესიულ კანონმდებლობას, რეპრესიულ ზომებს შეუშინდება, ძალიან ცდება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.