112-ის დირექტორი: ინფორმაციის გადაცემა ხდება საუბრის პარალელურ რეჟიმში, შესაბამისად, შეკითხვების პროცესი ინფორმაციის გადაცემას არ აფერხებს

გიორგი არსოშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, გადაცემა „იმედის დილაში“ 112-ის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა , 112-ში შემოსული ზარების მიმღები  ოპერატორების მხრიდან, მოქალაქეებისთვის სწორად დასმული შეკითხვების მნიშვნელობას.

„მოგახსენებთ, რომ გასულ წელს 112-ის ოპერატორებმა 4 000 000-მდე ზარი მიიღეს. იყო ზარის მიმღები ოპერატორი, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და იყო პოლიციელი, ამასთან უფრო დიდი პასუხისმგებლობაა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით პირველ კომუნიკაციაში შეხვიდე მოქალაქესთან, რომელიც იმყოფება კრიზისულ სიტუაციაში. 
რაც შეეხება ოპერატორების მხრიდან დასმულ კითხვებს - მოგახსენებთ, რომ ეს კითხვარი შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ამერიკული პლატფორმის მიხედვით ჩვენ გვაქვს ყველა ინციდენტზე ადაპტირებული კითხვარი. 
ოპერატორების მიერ დასმული კითხვები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ გარემოებას, რა თქმა უნდა ყველა პოლიციელი, ყველა მეხანძრე-მაშველი, ყველა ექიმი მუდმივად მზადყოფნაშია მოქალაქეებს გაუწიონ დახმარება, მაგრამ საჭიროა შესაბამისმა მომიჯნავე სამსახურებმა 112-ისგან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. 
ასევე, მინდა განვაცხადო, რომ ინფორმაციის გადაცემა ხდება საუბრის პარალელურ რეჟიმში, შესაბამისად ეს არ ნიშნავს იმას, რომ სანამ ოპერატორი არ ამოწურავს კითხვებს ინფორმაცია არ არის გადაცემული“,  - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

112-ის დირექტორი, საუბრისას, ცენტრის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებსაც შეეხო. გიორგი არსოშვილმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის და 112-ის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის.