საჰაერო განგაშია უკრაინის შვიდ რეგიონში - დასახლებების მიმართულებით ოკუპანტებმა საბრძოლო დრონები და რაკეტები გაუშვეს

უკრაინაში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა

საჰაერო განგაშია უკრაინის შვიდ რეგიონში - დასახლებების მიმართულებით ოკუპანტებმა საბრძოლო დრონები და რაკეტები გაუშვეს. თავდასხმის სამიზნე გახდა სუმის ოლქში მდებარე ქალაქი კონოტოპიც, რომელიც რუსეთმა ათზე მეტი დრონით და ორი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაბომბა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ქალაქში განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

შეტაკებები არ წყდება ფრონტის ხაზზეც, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 200-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელ მიმართულებად ისევ პოკროვსკი სახელდება.

პარალელურად, მოსკოვზე შეტევის შესახებ იტყობინება რუსეთის დედაქალაქის მერი. სერგეი სობიანინი წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერიეს. საუბარია იერიშზე პოდოლსკის ტერიტორიაზე. მისივე მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილას ნგრევა ან მსხვერპლი არ არის.