რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა უკრაინის სახმელეთო ჯარების სასწავლო ქვედანაყოფზე, დაიღუპა სამი სამხედრო, 18 კი დაიჭრა

უკრაინა

რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა უკრაინის სახმელეთო ჯარების სასწავლო ქვედანაყოფზე. უკრაინული მედიის ცნობით, შედეგად დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე, 18 კი დაიჭრა.

როგორც უკრაინის სახმელეთო სამხედრო ძალების განცხადებაშია აღნიშნული, „მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, პირად შემადგენლობაში დანაკარგის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.“

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარის ყველა დეტალის დასადგენად შექმნილია კომისია და დაწყებულია გამოძიება.

„თუ დადგინდება, რომ სამხედროების დაღუპვა ან მათი დაშავება გამოწვეული იყო თანამდებობის პირთა ქმედებებით ან მათი უმოქმედობით, პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცემიან“, – ნათქვამია უკრაინის სახმელეთო სამხედრო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ჩერნიჰივის რეგიონში მდებარე სამხედრო სასწავლო ცენტრზე დარტყმის შედეგად უკრაინამ 200 ჯარისკაცი დაკარგა. მათ ნაწილი დაიღუპა და ნაწილი დაიჭრა. მათივე ცნობით, დარტყმა განხორციელდა „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით.