ანდრეი სიბიგა: რუსეთმა დაარღვია უკრაინის მიერ 5-6 მაისს ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანების სიცოცხლე

ანდრეი სიბიგა

მოსკოვმა კიდევ ერთხელ უგულებელყო რეალისტური და სამართლიანი მოწოდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელიც სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო მხარდაჭერილი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

როგორც სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთისთვის შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, უკრაინის ოლქებზე რუსეთის თავდასხმები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

„მოსკოვმა კიდევ ერთხელ უგულებელყო რეალისტური და სამართლიანი მოწოდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელიც სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო მხარდაჭერილი. ეს აჩვენებს, რომ რუსეთი უარყოფს მშვიდობას და მის ყალბ მოწოდებებს 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს. პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანების სიცოცხლე“, – წერს სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.

„ასეთი დამოკიდებულება მოითხოვს ძლიერ ზეწოლას, მათ შორის ახალ სანქციებს, იზოლაციას, დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და უკრაინისადმი გაძლიერებულ მხარდაჭერას ყველა სფეროში“, – წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.