ზელენსკისთვის გაჩნდა შანსი, აჩვენოს ყველას, რომ უკრაინის ინტერესების დამცველია, ამერიკელებთან დათმობაზე თუ წავა, პოლიტიკურად თავს დაისამარებს – ვოლოდიმირ ფესენკო

ვოლოდიმირ ფესენკო

ზელენსკისთვის ახლა გაჩნდა შანსი, აჩვენოს ყველას, რომ უკრაინის ინტერესების დამცველია და ასე ნაწილობრივ მაინც მოხსნას შიდაპოლიტიკური საფრთხეები, – ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვოლოდიმირ ფესენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ ეცდება ზეწოლას უკრაინაზე და ვოლოდიმირ ზელენსკის სხვა გზა არ ექნება, გარდა წინააღმდეგობის გაწევისა. ვოლოდიმირ ფესენკოს განცხადებით, სხვა შემთხვევაში, ზელენსკი პოლიტიკურად დაისამარებს თავს.

„ორი აზრი არ არსებობს, რომ ამერიკელები უკრაინაში აგორებული კორუფციული სკანდალით დასუსტებულ ზელენსკის პოზიციებს გამოიყენებენ. უკრაინაზე ზეწოლა აუცილებლად იქნება. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, უკრაინის პრეზიდენტს არ ექნება სხვა გამოსავალი, გარდა აქტიური წინააღმდეგობისა. ზელენსკისთვის ეს არის შანსი, აჩვენოს ყველას, რომ უკრაინის ინტერესების დამცველია და ამგვარად ნაწილობრივ მაინც მოხსნას შიდაპოლიტიკური საფრთხეები. ამერიკელებთან დათმობაზე თუ წავა, მაშინ საქმე დამთავრებულია, პოლიტიკურად თავს დაისამარებს“, – განაცხადა ფესენკომ.

ინტერვიუში ფესენკომ ასევე ისაუბრა „ენერგოატომის“ გარშემო აგორებულ კორუფციულ სკანდალზე. ფესენკო მიიჩნევს, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებს ისტორიაში კორუფციულ მაფიასთან მებრძოლების სახელით სურთ შესვლა.

„უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს და პროკურატურას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. მათ დიდი ამბიციები აქვთ, ვფიქრობ, პოლიტიკურიც. სურთ, ხალხს აჩვენონ საკუთარი სამუშაოს შედეგები. მათთვის ეს არის შანსი, ისტორიაში დარჩნენ, როგორც კორუფციულ მაფიასთან მებრძოლები. ამიტომ, ვფიქრობ, ისინი მუშაობენ როგორც საკუთარი უწყების, ისე პირადი პოლიტიკური ინტერესებითაც. როგორც გახსოვთ, სულ რამდენიმე თვის წინ ისინი პრეზიდენტის ოფისის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ და, მგონია, სწორედ ამის გამო უფრო ადრე გაასაჯაროეს გამოძიების შედეგები. შიშობდნენ, რომ ინფორმაცია გაჟონავდა. მაგალითისთვის, ტიმურ მინდიჩი გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამდე გაემგზავრა უკრაინიდან. ცხადია, ის გააფრთხილეს. ჩემი აზრით, სხვადასხვა არხებით ჟონავდა ინფორმაცია გამოძიების შესახებ და ამის გამო ანტიკორუფციულ ბიუროში გადაწყვიტეს, დაეჩქარებინათ მოვლენები. როგორც ჩემთვის ცნობილია, უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ამით ძალიან უკმაყოფილო იყო. არა თავად გამოძიებით, არამედ იმის გამო, რომ მონაცემები ახლა გასაჯაროვდა, მაშინ როდესაც უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს სკანდალი ნეგატიურ შედეგებს იწვევს“, – განაცხადა ფესენკომ.

რაც შეეხება მედიის მიერ გავრცელებულ „სამშვიდობო გეგმას“, საკითხზე საუბრისას უკრაინელმა პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში შესაძლოა, გარკვეულ პირებს სურდეთ, ეს გეგმა ჩაიშალოს.

„ვფიქრობ, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ნაწილი ამ გეგმას არ იზიარებს. ისინი ხვდებიან, რომ, დიდი ალბათობით, ამ გეგმას უკრაინა და ევროპა არ მიიღებს. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ეს გეგმა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, ხოლო მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმ პუნქტების შესახებ, რომლებიც ეხება უკრაინის მხრიდან დათმობებს. ჩემი აზრით, ეს სპეციალურად გაკეთდა, რათა გეგმა გარკვეულწილად ტოქსიკური გახდეს, მოხდეს დემონსტრირება, რომ გეგმა ძალიან ბევრ კრიტიკას იწვევს და რომ უკრაინა მას არ დათანხმდება. ვფიქრობ და არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ზოგიერთს სურდეს, უიტკოფის ეს გეგმა ჩაიშალოს და მისი პოზიციები შესუსტდეს. ამის შემდეგ კი წინა რიგებში ისევ დადგებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, შესაძლოა, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომლის ახლო მოკავშირე აშშ-ის არმიის მდივანი დრისკოლი უკვე უკრაინაშია. შესაძლოა, უკვე არის განაცხადი, რომ ჯეი დი ვენსი აქტიურად ჩაერთვება მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ფესენკომ.