1763657118
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება.
კანონპროექტის თანახმად:
• სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);
• ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 40 ლარისა);
• მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 30 ლარისა);
• ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში ან/და საქართველოს კურორტებზე - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა, რომლის თანახმადაც რეგიონებში სახდელის სახედ და ზომად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისში – 50 ლარის ოდენობით).
• სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა- გაჩერება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
• გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის შემუშავების მიზეზებზე საუბრისას, მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების მობილობა.
„მიმდინარე წელს ქვეყანაში 1 900 000-ზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. ასევე, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების 1 300 000-მდე ავტომობილი მოძრაობდა, რაც ჯამში მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში მობილობას. შესაბამისად, იზრდება ავტოსაგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი. კერძოდ, მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 373 ერთეულით გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, 41 ერთეულით გაიზარდა გარდაცვლილ პირთა რაოდენობა და ჯამში, წელს უკვე 345 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. დაშავებულთა რაოდენობა 637 ერთეულით გაიზარდა და ამ მონაცემმა 6041-ს მიაღწია. შესაბამისად, ჩვენ გავაანალიზეთ ამ შედეგების გამომწვევი მიზეზები და დავადგინეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. გასულ წელს, 1 500 000-ზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ. კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.











