ზელენსკი: ყირიმის დაბრუნება სამშვიდობო მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ის ჩვენი ტერიტორიაა, ყველაზე მთავარია, ხალხი არ დავკარგოთ

ზელენსკი

ყირიმის დაბრუნება სამშვიდობო მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანექსირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი სამშვიდობო პროცესში ამჟამად არ განიხილება, ნახევარკუნძული უკრაინის განუყოფელ ნაწილად რჩება.

„სამწუხაროდ, არ დგას დღის წესრიგში ან ჯერჯერობით არა. არ ვიცი, ვნახოთ. ეს ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენი ისტორიაა, თუმცა ყველაზე მთავარია, არ დავკარგოთ ხალხი“, – განაცხადა ზელენსკიმ შესაბამისი შინაარსის კითხის საპასუხოდ.

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივლისს თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, რომელზეც უკრაინისთვის „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემის წარმოების ლიცენზიის მიღების საკითხი განიხილებოდა. გარდა ამისა, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარი შეეხო დიპლომატიას, რომ მნიშვნელოვანია დიპლომატიური პროცესის გააქტიურება.