ზელენსკი: უკრაინის ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაწესდება

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების მძიმე შედეგების გამო, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დარტყმების შედეგები ძალიან მძიმეა, ისევე როგორც ამინდის პირობების გაუარესება.

მისი თქმით, სარემონტო ბრიგადები, ენერგეტიკული კომპანიები, მაშველები და კომუნალური სამსახურები - ახლა ყველა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა აღადგინონ ელექტრომომარაგება და გათბობა.

თუმცა, ვინაიდან ბევრი საკითხი სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს, ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. კერძოდ, კიევში შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მუდმივ რეჟიმში იმუშავებს.

„მთლიანობაში, უკრაინის ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაწესდება. ასეთ პირობებში ადამიანებისა და თემების მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული საკითხების გადაჭრის სამუშაოების ხელმძღვანელად განსაზღვრულია პირველი ვიცე-პრემიერი - უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კიდევ ერთი ამოცანაა - მთავრობამ მაქსიმალურად უნდა გაააქტიუროს მუშაობა პარტნიორებთან, რათა მათგან მიიღოს ენერგოსისტემის აღსადგენად საჭირო აღჭურვილობა და მხარდაჭერა.