ზელენსკი: როცა რუსეთი უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობს, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, ვინ ემუქრება მათ - არ მესმის, რა გარანტიები სჭირდება აგრესორს

მარკ რუტე ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ ემუქრება რუსეთს, როცა ის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს აყენებს. ამის შესახებ მან ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომ უსაფრთხოების გარანტიები რუსეთსაც უნდა მოიცავდეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რათა მომავალში რუსეთის თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული.

„იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ზუსტად ვიცოდეთ, რომ რუსეთი ჩვენზე თავდასხმას არ მოაწყობს. ეს არის უსაფრთხოების გარანტიები აგრესორის წინააღმდეგ, უკრაინის უსაფრთხოების, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. იმიტომ, რომ აგრესორი რუსეთია. როცა რუსეთი უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობს, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, ვინ ემუქრება მათ. ის ჩვენ დაგვესხა... და არ მესმის, რა გარანტიები სჭირდება აგრესორს. რა გარანტიები?“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მან გამოთქვა მოსაზრება, რომ პარტნიორებს ევროპაში სურთ, რომ ომი არ განმეორდეს, „ხოლო ამის ერთადერთი გამომწვევი არის რუსეთი“.

გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთს არ სურს ომის დასრულება, მას ულტიმატუმების წაყენება სურს, რითაც ომის დასრულებას აჭიანურებს.

ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის განცხადება, რომ აშშ უერთდება უსაფრთხოების გარანტიებს, „წარმატებაა ევროპისთვის“.

„უსაფრთხოების გარანტიები - დიახ, უკრაინას სჭირდება. მაგრამ ამერიკის გარეშე ევროპა ვერ მოგვცემს ყველა იმ შესაძლებლობას, რისი მოცემაც შეუძლია... ამერიკისა და ევროპის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იყო, რომელიც ჩვენი შეხვედრის დროს გაიჟღერა“, - დასძინა მან.