ზელენსკი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე: უკრაინას შეუძლია დაეხმაროს სიცოცხლის დაცვასა და სიტუაციის სტაბილიზაციაში

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ინიციატივას აანონსებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ირანული საფრთხეების წინააღმდეგ გამოცდილების გაზიარებასა და დახმარებას გულისხმობს.

„უკრაინა ატარებს კონსულტაციებს როგორც პარტნიორებთან ევროპასა და შეერთებულ შტატებში, ასევე ირანის მეზობელ ქვეყნებთან. გუშინ ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ლიდერებს. დღეს უკვე მქონდა საუბრები იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან. ასევე შედგება საუბრები ქუვეითთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ყველა მათგანი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და ამაზე ღიად საუბრობენ: ირანული დამრტყმელი დრონები - იგივე „შაჰედებია“, რომლებიც ამ ომის განმავლობაში წლების მანძილზე უტევს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, ჩვენს უკრაინულ ინფრასტრუქტურას.

რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის მხრიდან უკვე გამოყენებულია 800-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 1400-ზე მეტი დამრტყმელი დრონი. სწორედ ირანული დრონები და რაკეტებია თავისუფალი ნაოსნობის მთავარი საფრთხე, რაც იწვევს ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ფასების დესტაბილიზაციას მთელ მსოფლიოში.

უკრაინას შეუძლია დაეხმაროს სიცოცხლის დაცვასა და სიტუაციის სტაბილიზაციაში. პარტნიორები ამ საკითხზე მოგვმართავენ. დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დაზვერვის სამსახურებთან, თავდაცვის მინისტრთან, ჩვენს სამხედრო სარდლობასთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, წარადგინონ შესაბამისი სახელმწიფოების მხარდაჭერის ვარიანტები და აღმოუჩინონ მათ დახმარება ისე, რომ ამან არ შეასუსტოს ჩვენი საკუთარი თავდაცვა აქ, უკრაინაში.

ჩვენი სამხედროები ფლობენ საჭირო შესაძლებლობებს. უკრაინელი ექსპერტები იმუშავებენ ადგილზე და გუნდები ამის შესახებ უკვე თანხმდებიან. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ სიცოცხლის დაცვაში, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვასა და იმ რეალური ძალისხმევის მხარდაჭერაში, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისა და, კერძოდ, რეგიონში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენისკენ.

ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი, ევროპის სახელმწიფოები და „დიდი შვიდეული“ აქტიურები იქნებიან როგორც ირანული რეჟიმის ტერორისტული შესაძლებლობების ლიკვიდაციაში, ასევე რეგიონში სიცოცხლის დაცვასა და გლობალურ სტაბილურობაში. კვლავაც გავაგრძელებთ კოორდინაციას პარტნიორებთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.