ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

ზელენსკი აშშ-ში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა და ენერგეტიკის კომპანიების წარმომადგენლებთან.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთი ფსონს დებს ტერორზე, უკრაინა მდგრადობის უზრუნველყოფაზე მუშაობს.

„უკვე ვაშინგტონში ვარ. დღეს შეხვედრები მაქვს თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებთან – მძლავრი იარაღის მწარმოებლებთან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი დაცვის გაძლიერება. კერძოდ, განვიხილავთ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას. დღეს ასევე შევხვდები ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს. ახლა, როდესაც რუსეთი ფსონს დებს ტერორზე ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ და ყოველდღიურ დარტყმებს ახორციელებს, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ხვალ დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან – და ჩვენ ველოდებით, რომ ტერორისა და ომის შეკავების იმპულსი, რომელსაც წარმატებით მიაღწიეს ახლო აღმოსავლეთში, ხელს შეუწყობს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ. პუტინი ნამდვილად არ არის უფრო მამაცი, ვიდრე „ჰამასი“ ან სხვა ნებისმიერი ტერორისტი. ძალისა და სამართლიანობის ენა გარდაუვლად იმუშავებს რუსეთის წინააღმდეგაც. უკვე ვხედავთ, რომ მოსკოვი ჩქარობს დიალოგის განახლებას, როგორც კი „ტომაჰავკების“ შესახებ გაიგებს. მშვიდობისა და საიმედოდ გარანტირებული უსაფრთხოების გარდა ალტერნატივა არ უნდა არსებობდეს – და უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მალე დავიცვათ ხალხი რუსული დარტყმებისა და თავდასხმებისგან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება!“,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.