„ვაშინგტონ პოსტი“: პენტაგონმა აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიას მიმართა, გაზარდოს იარაღის, კერძოდ საბრძოლო მასალის წარმოება და მიწოდება, რომლის დეფიციტიც ირანთან ომის გამო კრიტიკულ ნიშნულზეა

pentagoni

პენტაგონმა აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიას მიმართა, სასწრაფოდ გაზარდოს იარაღის, კერძოდ საბრძოლო მასალის წარმოება და მიწოდება, რომლის დეფიციტიც ირანთან ომის გამო კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ პენტაგონის წერილზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სტივ ფაინბერგმა თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელებს მისწერა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ მათ არაუმეტეს 21 დღე აქვთ, წარმოადგინონ გეგმები „კრიტიკულად მნიშვნელოვანი საშუალებების მიწოდების დაჩქარებისა და წარმოების ზრდის შესახებ“.

გამოცემის ცნობით, ეს დირექტივა იარაღის დეფიციტის ფონზე გამოქვეყნდა, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბულობა გამოიწვია.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ბოლო თვეებში პენტაგონმა რამდენიმე „ჩარჩო შეთანხმება“ გააფორმა უმსხვილეს ამერიკულ თავდაცვის კომპანიებთან და ახალ სტარტაპებთან. მიზანია გაიზარდოს როგორც იაფი საბრძოლო მასალის, ისე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოება. ეს შეთანხმებები არასავალდებულო ხასიათისაა და მხოლოდ მთავრობის განზრახვას მოწმობს – მათი საბოლოო ძალაში შესვლისთვის კონგრესის დაფინანსებაა საჭირო.

პენტაგონის სპიკერმა, შონ პარნელმა განაცხადა, რომ დარგის ლიდერებთან თანამშრომლობა ახალი არ არის და ეს პრეზიდენტისა და მინისტრის თავიდანვე არსებული გეგმაა. მისივე თქმით, ფაინბერგის წერილი ავთენტურია და გათვალისწინებული იქნება 2028 წლის ბიუჯეტში.