მოლდოვამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის გამო რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

მოლდოვა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ კროკმაზში დრონის ჩამოვარდნის გამო მოსკოვიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. როგორც უწყება ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, ინციდენტი „მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს“ და „ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას ემუქრება“.

„მოლდოვა გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მის შედეგებს ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მოლდოვის პოლიციამ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის ოლქის მოსაზღვრე მოლდოვის სოფელ კროკმაზის რაიონში აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, დრონი ხეს შეეჯახა და დაახლოებით ორ-ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, რის შემდეგაც ნამსხვრევები დიდ ტერიტორიაზე გაიფანტა. პოლიციას არ დაუზუსტებია, იყო თუ არა დრონი რუსული ან უკრაინული.

რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე მოლდოვის ტერიტორიაზე 28 დრონისა და რაკეტის ფრაგმენტებია აღმოჩენილი.