ვახტანგ ქიზიყურაშვილი: ისინი საქართველოს პარლამენტზე მიტანილ შტურმს მხარს უჭერდნენ, მათ ქარიშხალი სურდათ საქართველოში, რაც საკუთარ დედაქალაქებში დაუბრუნდათ

ვახტანგ ქიზიყურაშვილი

მათ ქარიშხალი სურდათ საქართველოში, რაც საკუთარ დედაქალაქებში დაუბრუნდათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა.

ქიზიყურაშვილი ევროპის ქალაქებში მიმდინარე აქციების საკითხს გამოეხმაურა.

„მათთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა ის, თუ რა მოვლენებს ჰქონდა საქართველოში ადგილი. ზუსტად იგივე ტიპის მოვლენები რომ საკუთარ ქუჩებში დაინახეს, ეს მათ არ ესიამოვნათ. ისინი საქართველოს პარლამენტზე მიტანილ შტურმს მხარს უჭერდნენ და ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტი, რაც მიუღებელია. როგორც ვხედავთ, მათ ქარიშხალი სურდათ საქართველოში, რაც საკუთარ დედაქალაქებში დაუბრუნდათ.

ჩვენ ვხედავთ, ევროპარლამენტში დაიწყეს საუბარი, რომ არის გარკვეული საკითხები, რაც საქართველოს გვერდის ავლით ვერ გადაწყდება და ეს შეიძლება იყოს დიდი გამოფხზილების - აისბერგის პატარა მწვერვალი, მაგრამ ამაზე დიდი იმედების დამყარება არ არის მართებული, რადგან ძალიან ბევრი გადაულახავი პრობლემა არსებობს საქართველოს და ევროკავშირს შორის. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ხვალ-ზეგ ეს პრობლემა მოგვარდება, რადგან არსად გამქრალა ის ამბიციები, რაც შეეხება ზოგადად საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაში მათ კონტროლს. მათ არ სურთ, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ხელსაყრელია, მხოლოდ თბილისში მიიღებოდეს. მათ სურთ, რომ ეს დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოვიდეს და ჩვენი ტერიტორიის მეშვეობითაც ევაჭრონ რუსეთს, ჩინეთს თუ სხვა დიდ აქტორს. ჩვენი ვალია საქართველოს მოსახლეობასთან მეტი საუბარი. არ შეიძლება ეს დავუშვათ, რომ დავდიოდეთ ერთ წრეზე და ვცხოვრობდეთ იმ პარადიგმაში, რასაც ჰქვია ე.წ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სწორედ ეს მოვლენები უსვამს კიდევ ერთხელ ამას ხაზს, რასაც ქართული საზოგადოება კარგად ხედავს და შესაბამისი პასუხიც გასცა, როცა მათი მონდომების საპირწონედ ქართულმა საზოგადოებამ არჩია სტაბილურობა და არ დაუშვა რევოლუციური სცენარები“, - განაცხადა ქიზიყურაშვილმა.

✕