„უსაფრთხოების გეგმები უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ ვლადიმერ პუტინი, რომელიც მოსკოვში ზის, აღარასდროს შეეცადოს უკრაინაზე თავდასხმას“ - მარკ რუტე

მარკ რუტე

NATO-ს გენერალური მდივანი კიევშია. მარკ რუტე უკრაინის დედაქალაქში დღეს ჩაფრინდა. შეხვედრა შედგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მხარეებმა უკრაინის ომის დასრულების საკითხი განიხილეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის საკითხზე.

როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა მიაწოდონ კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები.

„უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინა, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ. ეს საკითხი, რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება. სამშვიდობო შეთანხმებისა და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები უნდა გახდეს მაქსიმალურად ძლიერი, რათა შეძლონ ამ ქვეყნის დაცვა მომავალში. მეორე, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა მიაწოდონ კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები, სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა.

ჩვენ უკვე ვიცით, როგორი არ უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ამის ნათელი მაგალითია ბუდაპეშტისა და მინსკის ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, უსაფრთხოების გეგმები უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ ვლადიმერ პუტინი, რომელიც მოსკოვში ზის, აღარასდროს შეეცადოს უკრაინაზე თავდასხმას“, - აცხადებს მარკ რუტე.