United Airlines-ის თვითმფრინავს 11 კილომეტრის სიმაღლეზე ამოუცნობი ობიექტი შეეჯახა

ჰა

United Airlines-ის რეისს, რომელიც დენვერიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა, 11 კილომეტრის სიმაღლეზე, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შეეჯახა, რომელმაც თვითმფრინავს საქარე მინა დაუზიანა. შემთხვევის შედეგად დაშავდა თვითმფრინავის პილოტი დაშავდა და იძულებული გახდა სოლტ ლეიკ სიტიში ავარიულად დაშვებულიყო. ინფორმაციას fox 11 ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის დროს თვითმფრინავში 134 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, პილოტს მსუბუქი დაზიანებები აქვს. თვითმფრინავის მრავალფენიანი საქარე მინის ერთი ფენის დაზიანების შედეგად, მან ნაკაწრები და სილურჯეები მიიღო.

ფაქტის ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, სადაც დაზიანებული საქარე მინა და დაშავებული პილოტის ხელი ჩანს.

United Airlines-ის განმარტებით, თვითმფრინავის საქარე მინები ისეა დაპროექტებული, რომ ერთი ფენის დაზიანების შემთხვევაშიც კი, ფუნქციონირებას ჩვეულებრივად განაგრძობს.

United Airlines-მა შემდეგი განცხადება გაავრცელა: "რეისი 1093 ხუთშაბათს სოლტ ლეიკ სიტიში უსაფრთხოდ დაეშვა საქარე მინის დაზიანების შემდეგ. ჩვენ, მგზავრების ლოს-ანჯელესში გადასაყვანად იმავე დღეს სხვა თვითმფრინავი გავამზადეთ. ჩვენი ტექნიკური მომსახურების ჯგუფი მუშაობს თვითმფრინავის ექსპლუატაციაში დასაბრუნებლად“.

ამასთან, ავიაკომპანიამ დამატებითი მოთხოვნები წარუდგინა ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს (NTSB).

კომპანიის ცნობით, ყველა მგზავრი უსაფრთხოდ გადავიდა სოლტ ლეიკ სიტის აეროპორტში და სხვა თვითმფრინავში ავიდა, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით, 6 საათის დაგვიანებით ჩაფრინდა.

ზოგიერთი მედია ვარაუდობს, რომ თვითმფრინავს შესაძლოა კოსმოსური ნარჩენები, ან მეტეორიც კი შეეჯახა.